ტურებზე დაბრუნება

დაწყება

10:00

ხანგრძლივობა

7 დღე / 6 ღამე

ღირებულება

2076 ₾-დან

მინ. ჯგუფი

3 ადამიანი

აღმოაჩინეთ საქართველოს საოცარი მრავალფეროვნება მოგზაურობით, რომელიც შავი ზღვის სანაპიროდან ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ ცენტრამდე მიგიყვანთ. ეს ტური აერთიანებს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს, შთამბეჭდავ ბუნებრივ საოცრებებს, უძველეს ქალაქებსა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, რომლებმაც საქართველო უნიკალურ ცივილიზაციად ჩამოაყალიბა.

    დღე 1 | კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბათუმში

    ბათუმის ან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლისთანავე დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც სასტუმრომდე კომფორტულ ტრანსფერს უზრუნველყოფს. განთავსებისა და მცირე დასვენების შემდეგ, გაეცნობით ბათუმს შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებულ ქალაქს, სადაც ევროპული არქიტექტურა, თანამედროვე ურბანული სივრცეები და სუბტროპიკული ბუნება განსაკუთრებულ ჰარმონიას ქმნის. გასეირნებას დავიწყებთ პიაცას მოედნიდან იტალიური არქიტექტურით შთაგონებული ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სივრციდან. შემდეგ ვეწვევით წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას, ქალაქის ერთ-ერთ უძველეს მართლმადიდებლურ ტაძარს. მოგზაურობას ევროპის მოედანზე გავაგრძელებთ, სადაც მედეას მონუმენტი ოქროს საწმისით კოლხეთის სამეფოსა და არგონავტების ლეგენდარულ მითს აცოცხლებს. აქვე მდებარეობს ასტრონომიული საათი და ნეპტუნის შადრევანი, რომლებიც ბათუმის ევროპულ იერს განსაკუთრებულ ელეგანტურობას სძენს. შემდეგ გავისეირნებთ ბათუმის ბულვარში, მოვინახულებთ სასწაულების პარკს, ქართული ანბანის უნიკალურობას მიძღვნილ ანბანის კოშკს და სიყვარულის სიმბოლოდ ქცეულ მოძრავ ქანდაკებას „ალი და ნინო“. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე იახტით გასეირნებით დაასრულონ. ზღვის მხრიდან გადაშლილი განათებული ბათუმის პანორამა თქვენი მოგზაურობის პირველი დაუვიწყარი შთაბეჭდილება იქნება. ღამისთვა ბათუმში კვება: - / - / -

    დღე 2 | უძველესი ციხესიმაგრეები, ბოტანიკური საოცრება და შავი ზღვის გემოები

    დღევანდელი დღე აჭარის ისტორიულ მემკვიდრეობასა და ბუნებრივ მრავალფეროვნებას ეძღვნება. პირველად მოვინახულებთ VI საუკუნის ბიზანტიურ ციხესიმაგრეს პეტრას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან სავაჭრო და სამხედრო ცენტრს წარმოადგენდა. მისი სტრატეგიული მდებარეობიდან შავი ზღვის სანაპიროს შთამბეჭდავი ხედები იშლება. შემდეგ ვეწვევით ბათუმის ბოტანიკურ ბაღს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ბოტანიკურ ბაღს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის მცენარეული კოლექციები, სუბტროპიკული ტყეები და ზღვის ულამაზესი პანორამები ერთმანეთთან ბუნებრივად ერწყმის. ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების შემდეგ თავისუფალი დრო გექნებათ მწვანე კონცხზე დასვენებისა და შავი ზღვის სუფთა წყლებში ბანაობისთვის. ზღვისა და სუბტროპიკული ბუნების საოცარი შერწყმა ამ ადგილს აჭარის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სანაპიროდ აქცევს. დღის ბოლოს ბათუმის თევზის ბაზარს ვეწვევით, სადაც თავად შეარჩევთ ადგილობრივი მეთევზეების მიერ ახალდაჭერილ თევზსა თუ ზღვის პროდუქტებს და მათ ახლომდებარე საოჯახო რესტორანში დააგემოვნებთ. ღამისთვა ბათუმში კვება: საუზმე / სადილი

    დღე 3 | მღვიმეები, ზურმუხტისფერი კანიონები და მეგრული ტრადიციები

    დღევანდელი დღე დასავლეთ საქართველოს ბუნების უნიკალურ საოცრებებსა და სამეგრელოს ავთენტურ კულტურას გაგაცნობთ. მოგზაურობას დავიწყებთ პრომეთეს მღვიმის მონახულებით ბუნების გამორჩეული ქმნილებით, სადაც მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული სტალაქტიტები, სტალაგმიტები და შთამბეჭდავი მიწისქვეშა დარბაზები ზღაპრულ სამყაროს ქმნის. შემდეგ გავემართებით მარტვილის კანიონისკენ, რომელიც ზურმუხტისფერი წყლით, მაღალი კირქვის კლდეებითა და ულამაზესი ბუნებით საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კანიონში ნავით გასეირნებაც. დღის განსაკუთრებული ნაწილი გელოდებათ ლია ბებოს ტრადიციულ ეთნო სახლში, სადაც მეგრული სტუმართმოყვარეობის თბილ გარემოში თავადაც გახდებით კულინარიული გამოცდილების მონაწილე. მასპინძლებთან ერთად მოამზადებთ და გაწელავთ მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კერძს ელარჯს, შემდეგ კი დააგემოვნებთ ოჯახური რეცეპტებით მომზადებულ ავთენტურ მეგრულ კერძებს. ეს შეხვედრა საშუალებას მოგცემთ, ახლოდან გაეცნოთ სამეგრელოს კულინარიულ ტრადიციებსა და ადგილობრივი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას. სადილის შემდეგ მოვინახულებთ ჭყონდიდის მონასტერს საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ და სასულიერო ცენტრს. მონასტრამდე საბაგიროთი ავალთ, საიდანაც სამეგრელოს თვალწარმტაცი პანორამული ხედები იშლება და ამ დაუვიწყარ დღეს განსაკუთრებულ დასასრულს სძენს. კვება: საუზმე / სადილი ღამისთევა თბილისში

    დღე 4 | საქართველოს დედაქალაქი დაკულტურული ცენტრი

    დღევანდელი დღე საქართველოს კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას ეძღვნება. მოგზაურობას დავიწყებთ მცხეთით საქართველოს უძველესი დედაქალაქითა და ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-რელიგიური ცენტრით. სწორედ აქ გავრცელდა საქართველოში ქრისტიანობა IV საუკუნეში, ხოლო დღეს ქალაქი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი უნიკალური ძეგლებით ამაყობს. შემდეგ გავემართებით თბილისში ქალაქში, სადაც საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლური და ევროპული კულტურები ერთმანეთთან ბუნებრივად თანაარსებობდა. ძველი თბილისის ვიწრო ქუჩები, ფერადი ხის აივნები და მრავალფეროვანი არქიტექტურა განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც ქალაქის მრავალსაუკუნოვან ისტორიას აცოცხლებს. საბაგიროთი ავალთ ნარიყალას ციხემდე, საიდანაც დედაქალაქის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. შემდეგ მოვინახულებთ მეტეხის ისტორიულ უბანს, რომელიც მტკვრის ხეობას გადმოჰყურებს და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ხედს გვთავაზობს. ღამისთევა თბილისში კვება: საუზმე / სადილი

    დღე 5 | მოგზაურობა საქართველოს უძველეს ისტორიაში

    თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი გზა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოგზაურობად იქცევა. პირველი გაჩერება გორში გვექნება ქალაქში, რომელიც იოსებ სტალინის დაბადების ადგილითაა ცნობილი და შიდა ქართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. შემდეგ მოვინახულებთ უფლისციხეს კავკასიის ერთ-ერთ უძველეს კლდეში ნაკვეთ ქალაქს, რომლის ისტორია ადრეული რკინის ხანიდან იწყება. აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან მონაკვეთზე მდებარე ეს უნიკალური ქალაქი საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ, რელიგიურ და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. კლდეში ნაკვეთ ქუჩებში, დარბაზებში, ტაძრებსა და ღვინის საწნახლებში გასეირნება საშუალებას მოგცემთ ახლოდან გაეცნოთ საქართველოს წინაქრისტიანულ ისტორიასა და იმ მაღალ სამშენებლო კულტურას, რომელმაც ეს გამორჩეული ძეგლი შექმნა. შუადღის შემდეგ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გავემართებით და საღამოს ბათუმში დავბრუნდებით. ღამისთევა ბათუმში კვება: საუზმე / სადილი

    დღე 6 | თავისუფალი დღე ბათუმში

    დღევანდელი დღე სრულად თქვენს განკარგულებაშია. დაისვენეთ შავი ზღვის სანაპიროზე, გაისეირნეთ ბათუმის ბულვარში, აღმოაჩინეთ ქალაქის მყუდრო კაფეები, ადგილობრივი ბაზრები და სავაჭრო სივრცეები ან უბრალოდ დატკბით ბათუმის ზღვისპირა ატმოსფეროთი. თუ სურვილი გექნებათ, ჩვენი გუნდი სიამოვნებით დაგიგეგმავთ დამატებით ექსკურსიებსა და ინდივიდუალურ გამოცდილებებს, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ადგილებს გაგაცნობთ. ღამისთევა ბათუმში კვება: საუზმე

    დღე 7 | გამგზავრება

    საუზმის შემდეგ, ფრენის განრიგის შესაბამისად, თავისუფალი დრო გექნებათ, რის შემდეგაც ჩვენი ტრანსპორტი ბათუმის/ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გადაგიყვანთ. მოგზაურობა დასრულდება, თუმცა დასავლეთ საქართველოს მრავალფეროვანი ბუნება, უძველესი ისტორია, გამორჩეული კულინარია და გულითადი სტუმართმოყვარეობა კიდევ დიდხანს დარჩება თქვენს მოგონებებში.

    • სასტუმროში განთავსება საუზმით
    • სერტიფიცირებული პროფესიონალი გიდის მომსახურება
    • კომფორტული ტრანსპორტირება მთელი ტურის განმავლობაში
    • პროგრამით გათვალისწინებული შესასვლელი ბილეთები
    • პროგრამით განსაზღვრული კვება